„ოცნება“ ცდილობს, მოსახლეობას საკუთარი პროპაგანდის გარდა სხვა სიახლეებზე წვდომა არ ჰქონდეს – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო შეზღუდავს ქვეყანაში ამბების დამოუკიდებელი გაშუქებისთვის ისედაც შემცირებულ სივრცეს.
როგორც CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი აცხადებს, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის წყარო მხოლოდ მისი პროპაგანდა იყო.
„დაფინანსების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები ხაზს უსვამს იმ გამაოგნებელ სიჩქარეს, რომლითაც საქართველო ლიბერალური მედიაკანონებიდან ავტორიტარი მეზობლების, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ შთაგონებულ დრაკონულ ზომებზე გადავიდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, განზრახ ცდილობს უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი პროპაგანდის გარდა სხვა სიახლეებზე წვდომა არ ჰქონდეს. საქართველოს დემოკრატიულმა პარტნიორებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ეს მიუღებელია“, — განაცხადა გულნოზა საიდმა
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, უცხოური სუბიექტის მიერ „ნაღდი ფულით ან ნატურით“ გადარიცხული ნებისმიერი თანხა, რომელიც გამოიყენება „საქართველოს მთავრობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე ნებისმიერი ზეგავლენის მოსახდენად“ სახელმწიფო პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით, ჩაითვლება გრანტად და დაექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცებას. ეს მოიცავს ტექნიკურ დახმარებასა და ექსპერტიზის გაზიარებასაც უცხოურ სუბიექტსა და ქართველ მიმღებს შორის ნებისმიერი მიმართულებით.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი შეზღუდვების ინიცირება ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული დაკვირვების ქვეშაა.
„29 იანვარს, ეუთოს (OSCE) 20-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით აამუშავა „მოსკოვის მექანიზმი“, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისია, რათა სხვა საკითხებთან ერთად შეაფასონ დამოუკიდებელი მედიისთვის მზარდი შეზღუდვები“, – ნათქვამია CPJ-ს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, ფართოვდება გრანტის ცნება, რაც სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერ პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან.

ასევე დაგაინტერესებთ