„ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიებს „ფორმულასა“ და “ტვ პირველს” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაშუქებისას ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა “ოლიგარქის რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმრები”, “არალეგიტიმური ხელისუფლება” და ა.შ.
პარტია მოითხოვს, “მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ აღნიშნულ ტელევიზიებს და სანქცირების აღსრულების დროებითი წესი ამოქმედდეს.
“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ტელევიზიები თავიანთ უფლებებს დაიცავენ და ისინი მოახერხებენ საზოგადოებამდე მიიტანონ ახალი ამბები, რომლებიც “ოცნებას” ყველაზე მეტად “უშლის ნერვებს”.
“სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალია – “კლანის მსახური მოსამართლე”. კლანის მსახური მოსამართლე არის საზოგადოების შეფასება კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით და “ქართული ოცნება” რა შუაშია ამ საკითხთან დაკავშირებით?
“ქართული ოცნება” არის პარტია, სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ამ ერთ საჩივარშიც გაეპარათ ის, რომ ისინი არიან რეალურად ერთი ჯგრო, რომელსაც აქვს მიტაცებული ხელისუფლება ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის ახალი ამბები, რომელთა მოყოლაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს რეჟიმს”. – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
რაც შეეხება “ფორმულას” მათ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ამ ამბით გახსნეს. როგორც წამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ პირდაპირ ეთერში აღნიშნეს, “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად ლეგიტიმაციის საკითხი აღელვებს, ამიტომ ყველაზე მეტად იმ ფრაზებს კრძალავს, რაც ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე მიანიშნებს
“ივანიშვილის რეჟიმმა ხელში ახალი დრაკონული კანონი დაიჭირა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა “ფორმულას” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. მომჩივანს – ნათია ბოკუჩავას პირადად არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მინდობილობა აქვს და “ფორმულას” წინააღმდეგ პირდაპირ კობახიძის სახელით მოქმედებს. ივანიშვილის პარტია მოითხოვს მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს “ფორმულას” და სანქცირების აღსრულების დროებითი წესი ამოქმედდეს.
ჩანს, “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად ლეგიტიმაციის საკითხი აღელვებს, ამიტომაც კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ისინი სთხოვენ სანქცირებას ყველა იმ ფრაზისა და სახელდებისთვის, რომელიც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე მიანიშნებს.
მათ სურთ, მაგალითად, არ ვთქვათ “რეჟიმის პატიმრები”, “რეჟიმის სასამართლო”, „ეგრეთწოდებული პარლამენტის ეგრეთწოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“, “რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი”, “რეჟიმის პრემიერი” და ა.შ.”,- აღნიშნეს წამყვანებმა.
ვახო სანაიას თქმით, ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოო განადგურებას ისახავს მიზნად.
“ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია. პირველი დოკუმენტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მარეგულირებელ კომისიას გაუგზავნა. ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოო განადგურებას. რეჟიმს სურს, ჩვენ დაგვიწესოს ცენზურა… ერთი სიტყვით, ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია. ისინი მოგვედავებიან ყველა სიტყვაზე. ეს კანონი მედიის გასაუქმებლადაა შექმნილი”, – აღნიშნა ვახო სანაიამ.
ამბავს გამოეხმაურა ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. მისი თქმით ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია მაუწყებლობის შეჩერების რეალურ რისკს ქმნის.
მისივე განცხადებით, საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება.
