ქართული ოცნება განათლების სისტემის რეფორმას და მისი მტკიცებით, სწორი ღირებულებებით გაჯერებას იწყებს. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბევრი ისაუბრა პატრიოტიზმზე, ოჯახურ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებზე, რომლებიც მისი თქმით ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში წინა ხელისუფლებამ გააქრო. ამასთან თავს დაესხა იმ პედაგოგებსაც, რომლებიც განათლების სამინისტროს დირექტორების შესარჩევი კონკურსის უსამართლოდ ჩატარებაში ადანაშაულებენ.
ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლაში იკითხებოდა როგორც ისტორიის გადაწერის სურვილი, ასევე მცდელობა განათლების სისტემა ქართული ოცნების პარტიულ დღის წესრიგს მოარგოს.
ღარიბაშვილმა დღეს 2004 წლიდან განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმების გაუფასურება სცადა და ამტკიცა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განათლების სისტემაში რთული პერიოდი იყო, რაც 2004 წლიდან კიდევ უფრო გაუარესდა.
20 წლის წინ ჩატარებულ რეფორმებს პრემიერმა “ახალგაზრდებზე ექსპერიმენტების” ჩატარებაც კი უწოდა, ახალი ქართველის გამოყვანის მიზნით. რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი ამ პოზიციით აღარ განუმარტავს.
“საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო 2004 წელს ჩატარებული ვითომ რეფორმები. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მოანგრიეს მთელი სისტემა და რაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც რაღაც ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ემსახურებოდა ჩვენს ახალგაზრდებზე, ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. ასევე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა და ა.შ. “თქვა ღარიბაშვილმა.
დღევანდელი პრეზენტაციით კი ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლების სახელფასო სისტემა იცვლება, უქმდება მასწავლებლების სავალდებულო ტრენინგ-მოდულებიც. 2025-2026 წლებში კი მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებს დაემატებათ გამოცდები საპილოტო-დიაგნოსტიკურ ჭრილში, რომლის მიხედვითაც შეფასდება განათლების ხარისხი და არ არის გამორიცხული საბოლოოდ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდეს.