„ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონსაც ცვლის და რიგ უფლებებს ზღუდავს

„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა მორიგი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, – ამჯერად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ კანონთან დაკავშირებით, – რომელსაც სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
18 ივნისს ინიციირებული ცვლილებები, – რომელიც ცილისწამების შეცვლილ განმარტებასა და ცილისწამებაზე სამოქალაქო დავისას მტკიცების ტვირთის ცვლილებას ეხება, – პარლამენტის საიტზე დღეს, 23 ივნისს გამოქვეყნდა.
· ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
· სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
· თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირება შეიძლება დაწესდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
· უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
დავა ცილისწამებაზე – მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის
ამჟამად მოქმედი კანონის პირვანდელი რედაქცია 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმის შედეგად იქნა მიღებული და ის განამტკიცებს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.
ამჟამინდელი წესით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას, მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. ეს წესი იცვლება.
ახლა მოქმედი კანონით, თუკი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას ცილი დასწამეს, იგი სასამართლოში ჩივის და თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ცილი დასწამეს. ფორმალისტურ ენაზე:
· კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება „იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა“
· საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ „მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ“, „ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი“, ან „მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“.
· „მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ“,
· „ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი“, ან
· „მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“.