„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც

„ქართული ოცნების“ მორიგი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქებას ზღუდავს. შეზღუდვა ეხება სასამართლოს სხდომათა დარბაზებს, დერეფნებსა და ეზოსაც კი.
ამჟამად სასამართლო მედიასაშუალებებს აძლევს უფლებას, სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაიღონ, თუკი წინასწარ შეავსებენ განაცხადს.
დანაწესს, რომ მაუწყებლებს ჩვეულებრივ შეუზღუდავად შეუძლიათ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, „კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა“, ადგენს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“.
კანონის ეს ნორმა იცვლება.
18 ივნისს „ქართული ოცნებისა“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ სადავო პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი დღეს გამოქვეყნდა. მოცულობითი ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი მუხლი სწორედ სასამართლოს გაშუქებას ეხება.
ცვლილებებით იზღუდება როგორც დარბაზებში, ასევე სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
პროცესებს გადაიღებს არა მედია, – მათ შორის არც საზოგადოებრივი მაუწყებელი, – არამედ სასამართლო, ან „სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“.
რა წერია პროექტში
„ქართული ოცნების“ ინიციირებული ვერსიით:
· სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში – ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია;
· გამონაკლისი წესდება იმ შემთხვევებზე, როდესაც „ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერუფლებამოსილი პირი“.
· მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს „თავის ხელთ არსებული“ გადაღების მასალები, „თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს“.
· ამასთან, „სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერმიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით“.
ეს ნიშნავს, რომ სასამართლო დავის/პროცესის რომელიმე მხარემ ჯერ უნდა მოითხოვოს ნებართვა, რომ პროცესი გადაიღონ, შემდეგ კი მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დაუშვას და დააკმაყოფილოს.
კანონში ამჟამად მოქმედ იმ ქვეპუნქტს, რომელიც ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების გარანტიას ქმნიდა, მთლიანად იღებენ:
· „ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;
· დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“.
ბოლო პერიოდში, – განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ასობით დემონსტრანტისა და სისხლის სამართლის წესით დაკავებული 60-ზე მეტი ადამიანის სასამართლო პროცესების ფონზე, – ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ სასამართლო პროცესების გადაღება გართულდა.
ახლადინიციირებული ცვლილებება შეეხება რადიო თავისუფლების, ასევე, სხვა არაერთი მედიასაშუალების რეპორტიორებს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ სასამართლო სხდომებს.
გამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, – რომელსაც ეკუთვნის პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესებიდან გავრცელებული ფოტოების უმრავლესობა, – ფეისბუკზე წერს:
„რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, ის მოხდა. მედიას სასამართლოში მუშაობა, ფაქტობრივად, აგვეკრძალა“.
მისი თქმით, „ფოტოგრაფებს ნამდვილად სრულად გვეკრძალება“ გადაღება, დანარჩენი ჟურნალისტები კი „ბლოკნოტით და კალმით მაინც შეძლებენ შესვლას“.
„ვწუხვარ სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების გამო. ამის გამო აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხისმგებელ პირებს“, – წერს ის.
კანონპროექტის ავტორები წერენ, ამ მუხლში ცვლილებები საჭიროა რათა „ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება და ხელი არ შეეშალოს სასამარლთლო სხდომების მიმდინარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სხდომების ღიაობა“.
ინიციატორები და ავტორები არიან „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, , დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
დღემდე მოქმედი ნორმით, პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია „შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა“, ხოლო თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პრივილეგიით არ ისარგებლებს, ეს სხვა მაუწყებლებს შეუძლიათ.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა მორიგი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, – ამჯერად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ კანონთან დაკავშირებით, – რომელსაც სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
· ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
· სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
· თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირება შეიძლება დაწესდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
· უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, – დაუშვებელია, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
ორივე ინიციატივა ცვლილებები გაგრძელებაა „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი და მიღებული 10-ზე მეტი კანონისა, რომელიც ადამიანის უფლებების აქამდე დადგენილ სტანდარტებს ზღუდავს, ან ამა თუ იმ დარღვევაზე სადამსჯელო ზომებს ამკაცრებს.

ფორუმი