„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს “საეჭვოს” უწოდებს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომელსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ ოცნების განცხადებით “გადატრიალების მცდელობა” იყო.
სინამდვილეში კი ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი გაუსამართლებელი რჩებოდა, მასშტაბური პროტესტის შემდეგ ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ, მოგვიანებით კი ხელახალმა გამოძიებამაც დაადასტურა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 20 აგვისტოს გავრცელებული განცხადებაში ირწმუნება, რომ მოსამართლის „საეჭვო“ გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, „ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა“ მოჰყვა.
„ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული“ — აცხადებენ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში. “საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა”.
თუმცა, მიუხედავად მმართველი პარტიის რწმუნებისა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის არასრულფასოვან გამოძიებაზე კითხვები მოკლული დავით სარალიძის ოჯახს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჰქონდა და საპროტესტო გამოსვლებიც მას შემდეგ დასრულდა, რაც მოკლული დავით სარალიძის მამამ თქვა, რომ „სამართალი აღდგა“.
პირველადი გამოძიება და დაკავებები:
თბილისში, ხორავას ქუჩის 4 ნომერში მოზარდებს შორის დაპირისპირება 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. ჩხუბს ორი არასრულწლოვანის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანების განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა — გ.ჯ და გ.ბ.
მალევე ცნობილი გახდა, რომ „გარჩევის“ მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა პროკურატურის თანამშრომელი იყო, თუმცა პროკურატურა ხაზს უსვამდა, რომ აღნიშნული მოზარდი უშუალოდ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არ იყო.
საუბარი იყო მირზა სუბელიანზე, რომელიც პროკურატურისვე განცხადებით, 2014 წლიდან მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა და არც შეიძლება რომ ჰქონოდა.
მოგვიანებით, 2017 წლის 4 დეკემბერს, პროკურატურამ ორი არასრულწლოვნის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალი ხუთ პირს წარუდგინა.
იმავე დღეს, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობდა და საქმის ყველა ძირითადი ფიგურანტი დაკავებული და დადგენილი იყო.
პროტესტი მკვლელობის სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნით 2018 წლის მაისში დაიწყო. 25 მაისს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ მისი შვილის დაჭრაში მისი ინფორმაციით კიდევ ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც პასუხისგებაში არ იყვნენ მიცემული.
სარალიძე ასევე დაობდა, რომ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი. სარალიძე ასევე საუბრობდა მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზეც.
ამ თემაზე წაიკითხეთ: რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ
სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნით პირველი ფართომასშტაბიანი აქცია 2018 წლის 27 მაისს გაიმართა.
2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი ცნო დამნაშავედ, თუმცა განაჩენის მიხედვით, სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკა არეშიძე, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღევანდელი განცხადებით “უცხოელებისგან საეჭვო პრივილეგიებით“ სარგებლობაში ადანაშაულებს, ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც წარსულში არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი „კლანად“ მოიხსენიებს.
– ამ თემაზე წაიკითხეთ: კლანგარეშე მოსამართლეები
სწორედ ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.
გ.ჯ. კი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ მისი ბრალი მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა და ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობი დარჩა თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ოჯახმა იმავე დღეს, ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქცია პროკურატურასთან გამართა.
იმავე დღეს, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. მაშინ, შოთაძეს ამ გადაწყვეტილებისთვის აქებდა ირაკლი კობახიძე, რომელიც, იმ დროს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა:
„გადადგა მაშინ, როცა გარკვეული ეჭვი გაჩნდა ხარვეზებზე თუ გადაცდომებზე, რომელიც შეიძლება ამ საქმეს უკავშირდებოდეს. ეჭვი მისი გადადგომის საფუძველი გახდა. ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადავუხადო,”- აცხადებდა ირაკლი კობახიძე.
ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. მოკლული სარალიძის ოჯახი მიიჩნევდა, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობდა, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებდა ხელს.
რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ კი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“.
2018 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანია მოკლული — დაკავებულია მირზა სუბელიანი. მას შსს-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
რა დაადგინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ?
პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილე მიხეილ კალანდიას, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ნათესავია, გარკვეული საგანი ე.წ ტარი ჰქონდა და მას ჩხუბისას იყენებდა.
კომისიის ინფორმაციით, ეს საგანი მიხეილ კალანდიამ მოკლული დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში მომხდარი ჩხუბისას გამოიყენა. ამასთან, კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მიხეილ კალანდია მის მეგობრებს ამ საგანს.
„მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი. აღნიშნული ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ,” – ეწერა კომისიის დასკვნაში.
– ამ თემაზე წაიკითხეთ: დადუნაშვილი-სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისიის დასკვნა სრულად
2018 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც ტელეარხის ცნობით, საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.
მოგვიანებით, სუბელიანთან შეხვედრა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ვიქტორ ჯაფარიძემაც, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ მიუღია.
2018 წლის 21 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას იმდროინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიების პერიოდში არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო.
გახარიას თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მან დღემდე არ იცის, არჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განზრახ იყო უგულებელყოფილი თუ არა, ის თვლის, რომ სამოხელეო გადაცდომაზე სისხლისსამართლებრივი საქმე უნდა აღიძრას.
ამასთან, გახარიამ, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ მიუხედავად აქტიური მუშაობისა, უწყებას იმ დროისთვის კალანდიას მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა.
რა დაადგინა სააპელაციო სასამართლომ?
2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ გ.ჯ-მ, რომელსაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მსჯავრი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დაედო, არასრულწლოვანი ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა.
შესაბამისად არამოხლოდ მოსამართლე ეკა არეშიძის, არამედ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც უცნობი რჩებოდა, გ.ჯ-ს გარდა კიდევ ვინ მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში. პროკურატურის მიხედვით, სარალიძის მკვლელობის მეორე ფიგურანტი გ.ბ. იყო, თუმცა სასამართლომ ეს ვერსია არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მეორე დამნაშავის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებდა, რომ პირველად გაუჩნდა განცდა, რომ სამართალი უნდა აღდგეს:
“პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა”, – ამბობდა ზაზა სარალიძე.
მიხეილ კალანდიას დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, 2019 წლის 4 ივნისს მიხეილ კალანდია დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალად დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა წაუყენა.
ზაზა სარალიძე კალანდიას დაკავების შემდეგ აცხადებდა, რომ ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც მაშინ ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.
მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე 25 თებერვლის ვერდიქტით მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობაში 11 წლის და 3 თვის გატარება მოუწევს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2021 წლის აპრილში კი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, გიორგი მენაბდეს წარუდგინა, რომელსაც სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სამოქალაქო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც აღნიშნულ საქმეში იყო ჩართული და დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავდა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი პარტიის ბრძოლა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღარ არსებობდნენ:
„მმართველი პარტია კითხვის ნიშნებს ამ მიმართულებითაც აჩენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ამ საქმეში და მათი ბრძოლა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მიმართულია იქითკენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღარ არსებობდეს საქართველოში და ის ხმა, რაც სამართლიანობას ემსახურება, აღარ ისმოდეს, რათა თავადვე ჭრიდნენ და კერავდნენ საქმეებს“ — ამბობს იურისტი.
მისი თქმით, ოცნების აღნიშნული განცხადება არასახელმწიფოებრივია და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებამ, რომელთან დაკავშირებითაც „ოცნების“ პოლიტსაბჭო კითხვის ნიშნებს სვამს, სინამდვილეში, დაადასტურა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ საქმეზე გამოძიების სრულყოფილად წარმართვა და ყველა დამნაშავის გამოვლენა:
„საქმის მასალების შესწავლით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის და ომბუდსმენის დასკვნებით არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. ეს იყო დაგვიანებით ჩატარებული ან საერთოდ ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, აღრმავებდა ეჭვს, რომ საქმეში არ იყო ყველაფერი მიმართული იმისაკენ, რომ სრული შესწავლა და დამნაშავეების გამოვლენა მომხდარიყო. ხდებოდა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება და ეს საქმის შესწავლით, საქმის მასალების გაცნობით თვალსაჩინო ხდებოდა. სწორედ ეს გამოააშკარავა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რამაც უკვე ქართველი ხალხის ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია და ჩვენ დავინახეთ ბრძოლა სამართლიანობისათვის. ეს არ იყო ერთი ადამიანის საქმეზე ბრძოლა, ერთი ადამიანის შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრძოლა — ეს იყო მთელი ქართველი ხალხის ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ,“ — აღნიშნავს იურისტი.
ლონდარიძე ხაზს უსვამს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას არ დაუწყია შესწავლა ამ საქმის გარშემო შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით და საგამოძიებო უწყებების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმეში იღებდნენ მონაწილეობას, კვლავ აგრძელებენ საქმიანობას:
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, ვითხოვდით სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით საქმის შესწავლას, რაზეც ყოველთვის იყო პასუხი, რომ საქმე სრულყოფილად არ იყო ამოწურული. ახლა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქმე სრულადაა ამოწურული, უზენაესი სასამართლოს განაჩენები ყველა მიმართულებით დამდგარია. ამ დღეებში კიდევ ერთხელ მივმართავ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვ პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რაც სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით ჩნდება და ჯერჯერობით კიდევ არ არის პასუხი გაცემული“ — ამბობს ლონდარიძე.
მისი თქმით, ამ ფონზე ამგვარი განცხადებების გაკეთება ანტისახელმწიფოებრივია და თავადვე ემსახურება სასამართლო ხელისუფლების და საგამოძიებო უწყებების მიმართ მიმართ ეჭვის გაჩენას.