ევროკავშირის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ “ნეტგაზეთთან” განმარტა გულისხმობს თუ არა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციები საარჩევნო ბარიერის დაწევას. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერი 2%-იანზე უნდა დავიდეს.
რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.
სტანო “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ რეფორმა, რომლის გამოყენებასაც პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნებში დაეთანხმებიან, იდეალურ შემთხვევაში უნდა დასრულდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. იხილეთ კომენტარი:
“ევროკავშირის შიგნით წევრ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი საარჩევნო სისტემები აქვთ განსხვავებული საარჩევნო ბარიერებით. ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი საარჩევნო სისტემა ექნება საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ფარგლებში. ეს სტანდარტები და კარგი პრაქტიკები მოიცავს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროებას და რეფორმების არჩევნებამდე დასრულებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმა მიმდინარეა და პირველი მოსმენით [მიღებულია] დიდი, მრავალპარტიული მხარდაჭერით. ასევე, შევნიშნავთ, რომ ეს მრავალპარტიული კონსენსუსი 2021 წელს ევროკავშირის მედიაციით [შარლ მიშელის მონაწილეობით. ნეტ.] მიღებული შეთანხმების ნაწილიც იყო. ასეთი რეფორმა, რომლის გამოყენებასაც პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნებში დაეთანხმებიან, იდეალურ შემთხვევაში უნდა დასრულდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. დამატებითი რჩევები საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შესაძლოა მოიძიოთ შესაბამისი ორგანიზაციებისაგან, როგორიცაა ეუთო/ოდირი”.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ 9 დათქმით. ამ დათქმებს შორის არის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ცვლილება არ იგეგმება და ბარიერი არ დაიწევს.