„ოცნება რეალობად ვაქციეთ“ — უკრიაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა.
პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ლუქსემბურგში გაიმართა, სადაც უკრაინის დელეგაცია ვიცე-პრემიერის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინას ხელმძღვანელობით ჩავიდა.
„როდესაც ისტორიამ დააყენა თავისი განვითარების შესახებ არჩევანის წინაშე, ხალხმა თანმიმდევრად აირჩია ევროპული ინტეგრაცია. ეს ცხადი იყო 2013-14 წლებში, როდესაც მილიონობით უკრაინელი იდგა მაიდანზე ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის დასაცავად. ეს ხელახლა დადასტურდა 2022 წელს, როდესაც ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 5 დღეში პრეზიდენტმა გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, — განაცხადა სტეფანშინამ და დასძინა, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი ახლა რეკორდულ მაჩვენებელზეა და 90%-ს აღემატება.
ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს უკრაინის პრეზიდენტმა მ, პრემიერმა დენის შმიგალმა და პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა.
„როდესაც სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას, ბევრმა თქვა, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ოცნება. მაგრამ ჩვენ ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ. 2022 წლის ივნისში, წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. 2023 წლის დეკემბერში ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. დღეს მოლაპარაკებები იწყება. ამ ნაბიჯებს შორის ათასობით შეხვედრა და ზარი იყო; პირობები, რომლებიც უკრაინამ სრულად შეასრულა; კანონები, რომლებიც მიიღო; და რაც მთავარია ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხის მონდომებაა. ეს ადასტურებს, რომ ყველა უკრაინელს ერთად, ყველა ევროპელს ერთად შეუძლია ყველაზე დიდი ოცნებების რეალიზებაც კი — შეუძლია გაიმარჯვოს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
დღესვე გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება მოლდოვასთანაც. უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას „ისტორიული მომენტი“ უწოდეს ევროკავშირის ლიდერებმა. განცხადებები გაავრცელეს ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა და აღნიშნეს, რომ ეს „გრძელი გზის“ დასაწყისია.
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, როცა მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით.
მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული, როგორიცაა საფუძვლები, შიდა ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირების რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები.
დღევანდელ მთავრობათაშორის კონფერენციაზე მხარეებმა გაცვლეს პოზიციები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ოფიციალურად დაიწყეს პროცესი, თუმცა არსებითი ნაწილი — მოლაპარაკებები Acquis Communautaire-ის თავების მიხედვით ჯერ კიდევ წინ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობს პირველი თავების გახსნას 2025 წლის დასაწყისში. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს როტაციული პრეზიდენტი, 6 თვის ვადით ხდება უნგრეთი, რომელიც ცდილობს უკრაინის წინსვლის გაჭიანურებას. თუმცა ოლგა სტეფანიშინამ დღეს თქვა, რომ ბუდაპეშტისგან პროცესის დაბლოკვას არ ელის.
ყველა თავზე მოლაპარაკებების წარმატებით დახურვის შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერენ გაწევრიანების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.
უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან 5 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რამდენიმე დღეში იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ერთი წლის დაგვიანებით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნას მიმდინარე წლის ბოლოს ელოდებოდა, თუმცა რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს პერსპექტივა შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”