„ოცნება” პოლიტიკურ კონკურენტებს კანონით წინასწარ აუქმებს – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან „ქართული ოცნების“პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას.
ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.
ამის შესახებ დღეს, 27 ოქტომბერს, ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს, რომელსაც ესწრებოდა: „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და პროგრამის მენეჯერი ალექსანდრე (სანდრო) ბარამიძე და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით, ისინი აპირებენ კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვონ 10-მდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. მათივე თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან ერთად, მზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალულ პარტიებთან „დაკავშირებულ პირებად“ გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ.
ცვლილებებით, ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება. ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგი გარემოებების გამო:
· კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ გამოცხადდეს და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვას. “ქართული ოცნების” განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა ასეთ პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ასეთი კრიტერიუმების უქონლობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის “ქართულმა ოცნებას” ნებისმიერ არასასურველ ოპონენტს პოლიტიკური საქმიანობა თვითნებურად აუკრძალოს;
· „ქართული ოცნება“ პარტიას და პარტიასთან “დაკავშირებულ” პირებს პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და კანონის განჭვრეტადობის და მკაფიოობის საერთაშორისო სტანდარტს;
· წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ კომპეტენციაში არ შედის;
· გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს, უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი პირის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს; ან იქნება თუ არა ამისათვის საკმარისი თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა პარტიაში ან პარტიულ სიაში;
· საკონსტიტუციო სასამართლოს ქართულმა ოცნებამ პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტიულების მიღებისთვის მხოლოდ 14 დღე მისცა, ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გონიერ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს არ შეიძლება ჰქონდეს.
· საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით – ბიუროზე რეგისტრაციიდან 3 დღეში, სამი მოსმენით იქნა მიღებული. უკიდურესად უფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
„წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან “დაკავშირებულად” გამოცხადებული ნებისმიერი პირი.
ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.
პარალელურად „ოცნება“ იღებს ცვლილებებს, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში იმ პირების სიას წარუდგენენ, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.
გორდულაძის თქმით, „ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა, ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევდეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან.