ოცნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

რეჟიმის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქართულ ოცნების მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა თქვა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დეპარტამენტი “აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს”.

“მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა”- თქვა ჟორჟოლიანმა.