„ოცნება“ მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობას 30-მდე ზრდის

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, აკადემიას კვლავ მიეცემა „არჩევის უფლებამოსილება“.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები — გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ისინი განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, აკადემიაში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია.
წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.
მოქმედი კანონის მიხედვით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ორმოცს არ უნდა აღემატებოდეს.
„ქართული ოცნების“ წევრების კანონპროექტით კი, აკადემიაში გათვალისწინებული წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატებისა 10-ს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეისათვის აკადემიაში 10 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატია, რომლებიც იღებენ კანონით დადგენილ თანაბარ ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით აკადემიას უფლება ეძლევა აირჩიოს კიდევ 20 წევრ-კორესპონდენტი. თუმცა კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი ინიციატივა არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით საშემოსავლო გადასახადის წარმართვას, რადგან გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება არჩეულ წევრკორესპონდენტთა რაოდენობაზე.
როგორც კანონპროექტების ავტორები აღნიშნავენ, მათ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, აკადემიას შესაძლებლობა ექნება მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში, ჩამოყალიბებულ ახალ მიმართულებებში აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები, წევრ-კორესპონდენტები.
რაც შეეხება ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას, კანონპროექტის ავტორები ამის მიზეზს ასე განმარტავენ:
„ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა საგარეო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი ძალებით.
გარდა აღნიშნულისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. აღნიშნულის საპასუხოდ საჭიროა აკადემიამ ამ დარგებში დროულად აირჩიოს ლიდერი მეცნიერები“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.