“ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება

მმართველობის 12 წლის თავზე, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მუქარაა ოპოზიციის გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ვრცელ განცხადებაში, რომელიც პარტიის პოლიტიკური საბჭოს სახელით ვრცელდება.
„პირველ რიგში […] დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტია, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“, — წერია „ქართული ოცნების“ ვრცელ განცხადებაში, რომელიც 20 აგვისტოს გამოაქვეყნეს და რომლითაც მოქალაქეებს სთხოვენ ხმის მიცემას, რათა მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლონ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ოცნების” მტკიცებით მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ, სწორედ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაა.
ვინ არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომ აკრძალვასაც მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ აანონსებს? საამისოდ პარტიის დამფუძნებლის თუ მაღალჩინოსნების ნათქვამების გახსენებაც კმარა. “ქართული ოცნების” ლიდერები კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უწოდებენ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო აქტივისტსა თუ მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს. მათ შორის, “ნაცი” უწოდეს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილს, რომელიც “ოცნების” მთავრობის ყოფილი პრემიერის და ამჟამად ოპოზიციონერი გიორგი გახარიას თანამოაზრეა.
„როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელია“, — თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, თავადაც ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მ, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილმა თავის ინსტაგრამზე, მამამისმა კი ფეისბუკზე გიორგის დისშვილის ფოტო განათავსეს თბილისში გამართული პროევროპული მარშიდან და დაწერეს, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
შესაბამისად უცნობია, ვის აკრძალვას აანონსებს “ქართული ოცნება” ამ განცხადებით, რამდენი პოლიტიკური პარტიის.
„საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ განსაზღვრავს, როგორ შეიძლება შეწყდეს პარტიის საქმიანობა. კერძოდ, კანონის 35-ე მუხლში წერია, რომ „პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე ნეტგაზეთს ეუბნება, საკონსტიტუციო სასამართლოს, მოქმედი კანონმდებლობით, ახლაც შეუძლია იმსჯელოს პარტიის აკრძალვაზე, თუ დადასტურდება, რომ კანონისმიერი განსაზღვრების შესაბამისად, ამ პარტიის „მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.
„ქართული ოცნება“ რომ ამბობს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდებაო, რაღაცით ხომ უნდა დაასაბუთოს, რისთვის სჭირდება. იმიტომ, რომ 2016-დან 2020 წლამდე მათ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათსავე ამომრჩეველს გაუჩნდება გონივრული კითხვა, ხომ გქონდა და რა ვერ გააკეთე, რა ვერ მოასწარი ისეთი, რაც ახლა უნდა გააკეთო. ამ კითხვას სჭირდება პასუხი და მოიფიქრეს ეს რეალობას აცდენილი, თითიდან გამოწოვილი არგუმენტები. ეს მიზნები თავისთავად ადამიანის უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში. მაგრამ დავანებოთ ამას თავი, დავუშვათ, რომ სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან — ამ მიზნების მიღწევა შეეძლოთ და შეუძლიათ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც, საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის პირობებში“, — ამბობს მენაბდე.
კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ პროცედურა, რომლითაც ახლავე შეუძლია „ქართულ ოცნებას“, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზანს მიაღწიოს, შემდეგია: პარლამენტის წევრთა გარკვეული რაოდენობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს კონკრეტული პარტიის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
„საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ თავის კონტროლ ქვეშ იმდენი მოსამართლე ჰყავს, იმდენად აკონტროლებს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილება მიაღებინოს. არაფერში სჭირდება მას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“, — ამბობს ვახუშტი მენაბდე.
ვახუშტი მენაბდე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიების აკრძალვა ძალიან რთული შემთხვევაა და ძალიან მაღალი მტკიცების სტანდარტს საჭიროებს. მსგავსი პრეცედენტები არსებობს, თუმცა არცთუ ხშირია. მაგალითად, ევროპაში სულ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება. ასეთია გერმანიაში ნაცისტური პარტიის აკრძალვა. ასევე, თურქეთში აიკრძალა ერთ-ერთი ფუნდამენტალისტური პარტია, რასაც კიდეც მოჰყვა კრიტიკა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს აკრძალვა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო.
იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველა კრიტიკოსს ნაციონალობას აბრალებს, თავად “ქართულ ოცნებაში” არაერთი ადამიანი ფიგურირებს, რომელიც ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ნაწილი იყო, ან აქტიურად თანამშრომლობდა მასთან. ასეთები არიან სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობს ძალოვან უწყებებში. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდნენ პარლამენტში 2008 და 2012 წლებში გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე, ქართული ოცნების პროპორციული სიიდან ორი პირი, რომლებიც ირაკლი მ აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატებად დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი შემომწირველი იყო 2012 წლის ჩათვლით და თანამდებობებსაც იკავებდა წინა ხელისუფლების დროს ნათია თურნავა — „ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო „ოცნების“ დეპუტატი , რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს „უხილავი ხელით“ არის მართული. ხოლო „ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს […] ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”