„ოცნება“ „ევრონესტს“ ბოიკოტს უცხადებს

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ევრონესტის კრიტიკულ რეზოლუციაზე პასუხად აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია „ევრონესტის“ არც მომდევნო სესიებში არ მიიღებს მონაწილეობას.
მისი განცხადებით, ამის საფუძველია გარემოება, რომ ევროპარლამენტმა „ევრონესტი“ „აქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად“ .
ერევანში გასულ კვირას გამართულმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, – რომელშიც არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, – მიიღო რამდენიმე რეზოლუცია.
მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ქვეყნებს ეხება, მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს. კერძოდ, რეზოლუცია:
· „გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე“;
· „გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, არ ცნობს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“;
· „კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი პროტესტების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს“;
· „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი;
· კერძოდ, მოითხოვს სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას“.
პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერები დაამატა „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა“
„ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად“, – წერს ის.
„შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მან ასევე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპარლამენტი „ანტიდემოკრატიულ მიდგომებში“.
სომხეთში 28-30 ოქტომბერს „აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის“, იმავე ევრონესტის ტრიბუნიდან გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
მმართველი პარტია ასამბლეას არ ესწრებოდა.
„ქართული ოცნების“ არყოფნას ევროპარლამენტარმა კშიშფოტ ბრეიზამ X-ზე ასე უპასუხა:
„ეს გასაკვირი არ არის მაშინ, როდესაც 2024 წლის „“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სკამები ცარიელად დატოვება უფრო ადვილი გზაა“.
radiotavisupleba.ge