მასშტაბური პროევროპული პროტესტის ფონზე „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ამკაცრებს.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს.
ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:
· სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
· ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს;
· შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15 000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;
· შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას;
· მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა);
· ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.
საიას შეფასებით, აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდით ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.
„მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო სასამართლო არ ასრულებს საკუთარ ფუნქცია და პოლიციის მიერ წარმოდგენილ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, როგორც წესი, უაპელაციოდ სარწმუნოდ მიიჩნევს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს“, – აცხადებს საია.