„ოცნება“ აქციებთან დაკავშირებით კანონს ისევ ამკაცრებს

„ქართული ოცნება“ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს.
დღეს, 8 დეკემბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რამდენიმე დღეში მიიღებენ.
„დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.
აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს“, – წერს „ინტერპრესნიუსი“.
ვინაიდან კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, უცნობია რას ნიშნავს „წინასწარი გაფრთხილება“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
„კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“, – წერია კონსტიტუციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი