„ქართული ოცნება“ მიანიშნებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ კორუფციის ბრალდებებზე შესაძლოა, ახალი გამოძიება დაიწყოს.
პოტენციურად გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის ეპიზოდზე.
გუშინ პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „წყაროზე დაყრდნობით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ თორნიკე ლათათიას კომპანიების („ლურჯი ბაღი“, „ნიუ ფორს ენერჯი“ და „კრიპტო მაინინგი“) უკან გიორგი გახარია დგას; და რომ ადგილობრივი ფერმერების თქმით, სენაკის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში 1 700-მდე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული თხილის პლანტაციებზე გამოცხადებულ აუქციონში თორნიკე ლათათიამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის გახარიას ნათესავი იყო. „კურიერისვე“ ინფორმაციით, გახარიამ თავისი ქონებები თბილისსა და წავკისში თანაპარტიელი შალვა კერესელიძის დის ქმარზე, გიორგი ციცქიშვილზე გადააფორმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ ბრალდებებზე არ იცის, თუმცა კითხვები აქვს.
„შეგახსენებთ, რომ მე ამისწინ ვიკითხე, რა თანხით ცხოვრობს გიორგი გახარია ბერლინში და ვიეჭვე, რომ უცხოელები აფინანსებდნენ. მისმა თანაპარტიელმა თქვა, რომ არანაირი უცხოელები, თავის თავს თვითონ აფინანსებსო. როგორც ჩანს, თვითონვე აღიარეს, რომ აქვს ის ქონება და შესაძლებლობა, რომ ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობდეს. რაც შეეხება ამ საკითხებს, თუკი რაიმე აქ მნიშვნელოვანი არის, ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ ამ საკითხს. ერთადერთი შედეგების მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი, ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქიდან ხელმძღვანელობს აქ მთელ პროცესებს და საარჩევნო კამპანიას, ამისი თანხებიც ჰქონია. აგვიხსნას მაშინ ამ თანხების წარმომავლობა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ გახარია და კორუფცია ერთმანეთთან ახლოსაა.
„აქ პირველ რიგში ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს. ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ასეთ ფონზე, არც სხვა ტიპის კორუფცია გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე გავაკეთო კონკრეტული კომენტარი“, — განაცხადა კობახიძემ.
