„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო. კანონში შესული ცვლილებებით უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.ცვლილებების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
დაზუსტდა ცილისწამების განმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. ამასთან, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს „ქართულმა ოცნებამ“ 100-დღიანი უკუძალა მისცა.
