„ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნება“ მორიგ რეპრესიულ კანონებს დაჩქარებულად იღებს. როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რეპრესიულ ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენით ხვალ, 6 თებერვალს, მიიღებენ.
„ოცნებას“ ცვლილებები შეაქვს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოაქვს სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მათ შორის:
· მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;
· წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე;
· ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის კოდექსში „ოცნება“ შემდეგ ცვლილებებს გეგმავს:
· ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით;
· იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის, ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება პატიმრობით 5- დან 6 წლამდე ვადით;
· ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში;
· სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც;
· ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც;
· ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. ომბუდმსენის შეფასებით, , აღნიშნული ცვლილებები “ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”.
სახალხო დამცველი “ქართული ოცების” პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.
· “არ განიხილოთ დაჩქარებული წესით” – ომბუდსმენი “ოცნების” რეპრესიულ კანონპროექტებზე
· სპონტანური აქცია, გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმები – რას ცვლის „ოცნება“
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/giaxuxashsvili-29-740x375-Mz8BaK-300x152.jpeg)