“ოცნებამ“ რეგიონული ლიდერის ფუნქცია დაგვაკარგვინა” — ყოფილი ელჩი -ში

„30 წელია, ასეთი შესაძლებლობები რეგიონში არ ყოფილა. საქართველოს შეეძლო, ამ დროს ლიდერის ფუნქცია ეტვირთა, დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება რომ შეენარჩუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ძირი გამოეთხარა ქვეყნის რეპუტაციისთვის“, — ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი -ში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიური ტურნეს შესახებ, რომელშიც საქართველო არ შედის.
სიხარულიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონული რეგიონული ლიდერის ფუნქცია ჰქონდა იმიტომ, რომ ითვლებოდა თავისუფლების ფორპოსტად, რეგიონში დემოკრატიის მაგალითი იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეს უპირატესობა დააკარგვინა“.
ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სიხარულიძის თქმით, საქართველოს უპირატესობა დემოკრატიული განვითარება იყო. დემოკრატიული უკუსვლისა და ინფრასტრუქტურული პროექტების (მაგ, ანაკლიის პორტის) სათანადოდ განუვითარებლობის გამო კი, სიხარულიძის თქმით, საქართველო ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებამ წარმოშვა.
„ჩვენს რეგიონში მოხდა ფუნდამენტური ცვლილება — საერთაშორისო სამართლის წესების გათვალისწინებით დასრულდა კონფლიქტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნეგატიურ გავლენას ახდენდა რეგიონულ განვითარებაზე და მთლიანად, რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. წლების განმავლობაში მანიპულირებდა ამ კონფლიქტით, რათა თავისი გავლენა შეენარჩუნებინა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთის გავლენა რეგიონში — აზერბაიჯანსა და სომხეთზე — საგრძნობლად მცირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეერთებული შტატები გამოვიდა რეგიონული მშვიდობის გარანტორად, ასევე, მხარს უჭერს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. საქართველოსთვის ეს ყოველივე ახალ შესაძლებლობებს უნდა ქმნიდეს, ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად რომ იყოს მოწოდებული. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებას ვერ ვხედავთ“, — განუცხადა სიხარულიძემ ნეტგაზეთს.
მისი თქმით, საქართველოს ორი რამე უნდა გაეკეთებინა:
· დემოკრატიული მმართველობა, რომელიც ასევე გულისხმობს კარგ სასამართლოს, ბიზნეს-გარემოს, დაბალ ტარიფებსა და დემოკრატიულ განვითარებას;
· ინფრასტრუქტურული განვითარება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ ორივე მიმართულებით ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა. სამწუხაროდ, არც ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ანაკლიის პროექტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიც არ განხორციელებულა. დემოკრატიას რაც შეეხება, ყოველწლიურად ძალიან მძიმე უკუსვლაა. ამიტომ, იმ შესაძლებლობებს, რომლებიც წარმოიშობოდა რეგიონში შეერთებული შტატების გარანტიით მშვიდობის განმტკიცებაში, საქართველო ვერ იყენებს და ეს ძალიან სამწუხაროა“, — ამბობს სიხარულიძე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობს. ჯეი დი ვენსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში არ მოიცავს საქართველოს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მილანში მცირე კომუნიკაციისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისგან ურთიერთობების გადატვირთვის პირობა მიიღო.
„ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება…
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“, — ამბობს ყაველაშვილი.
დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობის ასივე პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და ურთიერთობების აღდგენაც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ამისთვის საჭიროა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, სასამართლოს განთავისუფლება, ნორმალური სასამართლო სისტემის შექმნა, დემოკრატიული რეფორმები გატარება და ველური, ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა. ამ პროპაგანდის შეწყვეტა პირველ რიგში საქართველოსთვის არის საჭირო. გასაოგნებელია, რომ მთავრობა საკუთარი ქვეყნის შიგნით შუღლს და პოლარიზაცია აღვივებს. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ძირითადი მიზანი. ამ მიზნების და ამ პოლიტიკის შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება იზოლირებული თავისი პარტნიორებისგან და რჩება დაუცველი რუსეთის წინაშე“, — დასძენს დავით სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ