„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლოო ცვლილებები მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილების მიხედვით:
· შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
· იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.
· სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ქმედების გამეორება დაისჯება სისხლის სამართლის წესით და გათვალისწინებული იქნება 1 წლამდე პატიმრობა.
ეს შეეხება ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორიცაა: მონაწილეობის მიღება იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ექვემდებარება შეწყვეტას ან როდესაც შეკრების მონაწილეები განზრახ უქმნიან დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებას, ან აწყობენ დროებით კონსტრუქციას, რომლის მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ცვლილებების წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა „მეთოდური და სისტემური ნაბიჯების გადადგმა და ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, რომელიც რუსთაველის გამზირზე უწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ.
„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევა“
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებები დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას – წარმოადგენს.
„ინიციირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.
· რას ფიქრობენ რეგიონებში, სოციალური პროტესტების მონაწილეები, ახალ რეპრესიულ კანონპროექტებზე
· ემსახურება “ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს – SJC აქციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებაზე
