“ოცნებამ” მკაფიო განაცხადი გააკეთა: არა ევროპას” – პრეზიდენტი

“ქართული ოცნების ” გადაწყვეტილება დააბრუნოს საპარლამენტო განხილვებში ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონი, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, “არის მკაფიო განაცხადი” რომლითაც მმართველმა გუნდმა ევროპას “არა” უთხრა.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. თუმცა ზურაბიშვილმა იქვე აღნიშნა, რომ “ვერავინ ჩვენს საზოგადოებას ვერ გადაახვევინებს [ევროპული] გზიდან”.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობამ, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, მმართველი პარტიის ქმედებებს ერთიანი პასუხი უნდა გასცეს. პრეზიდენტმა საგანგებო განცხადების გაკეთებისას ერთიანობის იდეაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თავად ქართველ ხალხთან ერთად იქნება “ერთი, ევროპული დროშის ქვეშ.”
“პასუხი არის ერთი და მხოლოდ ერთი. თ ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად იცის რა რეალური ციფრები არსებობს. საკონსტიტუციო უმრავლესობა და მიშას დაბრუნება აბსურდული ციფრებია[…] ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე […] ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტის ერთობით ალბათ, მაგრამ ევროპული ღირებულებებით. ხალხი უნდა გაერთიანდეს. ამ დროშას მე დავიჭერ ხელში და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საგანგებო პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ეს ავანსად” გაცემული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დღეს მმართველი პარტია ე.წ. “რუსული კანონის” ხელახალი რეგისტრაციით საფრთხეს უქმნის.
„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი „რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ- არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. “აგენტების კანონის” ინიცირებას, პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მ გააცნო. მისი თქმით ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. პარლამენტში იგივე კანონპროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა და მმართველმა გუნდმა ის მარტის აქციებისა და მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია.