„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს.
ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მიიღო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება:
· ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.
· ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.
· კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს.
· იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, პარტიაში მიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.
„ქართული ოცნება“ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით ათი პარტიის აკრძალვას აანონსებს. მისი თქმით, „ლელო” და გახარიას პარტიაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი არიან, რაც გულისხმობს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ და ამაზეა აგებული პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, „ოცნება“ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში იმ პირების სიასაც წარადგინოს, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა, ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევდეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან.
„კონსტიტუციასთან შეუსაბამოა“
საიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს.
„პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება, თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტით“, — აცხადებს საია.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტიდან არ ჩანს, თუ რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება, კანონის ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია კი ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს, რომ ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობა სასამართლოს მეშვეობით მარტივად შეიზღუდოს პარტიასთან „დაკავშირებული პირის“ სტატუსით.
საიას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას.
· „ოცნების“ ინიციატივა ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოა — საია
· “ოცნება” გეგმავს, იმ პირებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, ვინც არც ერთი პარტიის წევრი არაა
