„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის.
გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, როგორ დარჩნენ ოფიცრები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მიღმა სუსის და კონტრდაზვერვის სამიზნე:
„თავდაცვის მინისტრი სამინისტროდან აღარ გამოდის. ეს ნიშნავს გაძლიერებულ კონტროლს ოფიცერთა შემადგენლობაზე. საგანგებო რეჟიმში არ არიან, მაგრამ მუშაობს სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, გენერალური ინსპექცია, სუსი. ყველა ამ ხალხს უსმენს იმ შიშების გამო, რაც გასაგებია, რომ „ოცნებას“ აქვს.
ეს ავტონომიურობა აქამდე იდგა პოლიტიკურ და საკონსტიტუციო ჩარჩოზე, რაც გულისხმობს დემოკრატიულ კონტროლს. მეორე მხრივ, ავტონომიურობას სჭირდება რესურსი. ამ ავტონომიურობას განაპირობებდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა… მათ ეს რესურსი უკვე გამოეცალათ ავტონომიურობისთვის…
დღეს ისინი აღმოჩნდნენ შიშველი ძალის წინაშე, როგორიც არის სამხედრო პოლიციის და კონტრდაზვერვის კონტროლი,“ – გვიყვება გიორგი შაიშმელაშვილი.
„ბათუმელებმა“ გიორგი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უსაფრთხოების საკითხების მკვლევარია და „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი:
- ბატონო გიორგი, „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას პარლამენტში გამართავს. უშვებთ, რომ შესაძლოა ოფიცრებმა არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უარი თქვეს?
სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რამდენად არის ჯარში წინააღმდეგობა, ან არის თუ არა ეს ინაუგურაციასთან კავშირში. ვფიქრობ, ეს კავშირი არსებობს, თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს.
უნდა დაველოდო ინაუგურაციას. ცხადია, პარლამენტის დახურულ შენობაში სამხედროების ჩამოვლა ვერ მოხდება, თუმცა თავდაცვის ძალები რა ფორმით იქნება წარმოდგენილი, მაღალი რანგის სტუმრებში იქნებიან თუ არა ისინი წარმოდგენილი, ამას ვნახავთ.
მე, პირადად, ვუშვებ, რომ ეს გახდა მიზეზი: „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია.
შესაძლებელია სხვა მიზეზები იყოს, მაგალითად, ის, რომ ჩათვალეს, პარლამენტს ასე უფრო დაიცავენ რობოკოპები. ჩვენ არ გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია.
როცა ვამბობ, რომ თავდაცვის ძალების განწყობას ვუკავშირებ ამ გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრობას. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუციაზე გავლენა თანაბრად მოახდინა.
ცხადია, ჯარი საზოგადოების სარკეა, ოფიცერთა შემადგენლობა კი, უბრალოდ სარკე კი არა, საუკეთესო ნაწილია ამ საზოგადოების. მათ აქვთ ძალიან კარგი დასავლური განათლება და ასე შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არ იზიარებენ იმ ანტიდასავლურ კურსს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია.
- გქონდათ კომუნიკაცია ოფიცრებთან, რას აპირებდნენ ისინი ინაუგურაციასთან დაკავშირებით?
მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ჯარს აქვს თავისი სტრუქტურა და იქ არიან ოფიცრები, სერჟანტთა შემადგენლობა, კაპრალთა შემადგენლობა და ასე შემდეგ. რიგითი ჯარისკაცისგან ჩვენ საჯარო პოზიციას ვერ მოვისმენთ, ეს გამორიცხულია.
ოფიცრებს აქვთ ორი ალტერნატივა: წესდებიდან გამომდინარე, ისინი ვერ იმოქმედებენ, როგორც საჯარო მოხელეები, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ რომელიმე პეტიციას მოაწერონ ხელი, შემდეგ კი, დარჩნენ და განაგრძონ მოღვაწეობა სამხედრო ძალებში. პერსონალურ ოფიცერს შეუძლია გარკვეული განცხადების გაკეთება და სამსახურის დატოვება, მაგრამ არის კი ეს ჩვენს ინტერესებში?