ქართული ოცნება 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყრილობაზე საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს წევრების რიცხვს 20-დან 15-მდე შეამცირებენ. მან პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც წარადგინა.
“პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა, 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ”, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიის ახალი პოლიტსაბჭო “არსებითად უცვლელი სახით დამტკიცდება”, კერძოდ, აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოში აღარ იქნება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკა ტიკარაძე.