“ოცნება”:დასკვნა გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას, შეიცავს ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას

“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” თაობაზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას გამოეხმაურა და შეფასებებს დიდწილად დაუსაბუთებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო უწოდა. საქართველოს მმართველი პარტია ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა არგუმენტები კომისიას არ წარმოუდგენია.
“გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს , – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შეფასებას „პარადოქსულს“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ დასკვნაზე “რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ”.
“ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, – აცხადებს ქურასბედიანი.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თქვა, რომ ბრალდება, თითქოსდა კანონში ცვლილებები დაუყოვნებლივ გასაჯაროების გარეშე შევიდა, უსაფუძვლოა და ის მაშინ მიიღეს, როცა განხილვას ოპოზიციაც ესწრებოდა. თუმცა, სხდომა, რომელზეც ქურასბედიანი მიუთითებს 2 წუთზე ნაკლებხანს გაგრძელდა.
“ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ. სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით (ყოველგვარი დაჩქარების გარეშე) რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ”.
“ოცნების” წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიანი იყო. არადა, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა კადრები, რომელიც “სამართალდამცავებზე თავდასხმას, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავ ფაქტს” ასახავდა. ეს ქურასბედიანის თქმით, წარმოუდგენელია, რადგან როგორც ჩანს, ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა.
“კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის”, – ამბობენ პარტიაში, თუმცა მაინც პასუხობენ კომისიის პუნქტობრივ შენიშვნებს. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობით უკვე არის გარანტირებული ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა. ქურასბედიანი ამბობს, რომ ყველა ეს მოქმედი ნორმა, ვერ უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების გამჭვირვალობას და კომისიის მითითებები მცდარია.
“ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა, ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას!
მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ. ვენეციის კომისიის ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის 79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი:
არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“.
“ქართული ოცნება” განმარტავს, რომ ყველა ამ არგუმენტის სააფუძველზე, დასტურდება, რომ:
“ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას! საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს. ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!“, – აცხადებს ქურასბედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება