ოჩიგავას საქმეზე გამოძიება გაგრძელდება, მაჩალიკაშვილის საქმეზე კი არა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სამომავლო სამართლებრივ პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ გამოძიება „ოჩიგავას საქმის“ წამების ეპიზოდზე გაგრძელდება, ხოლო „მაჩალიკაშვილის საქმეზე“ არ განახლდება.
„ოჩიგავას საქმე“
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 16 თებერვალს მიიღო და საქართველოს დანაშაულის არაეფექტურად გამოძიების გამო 20 000 ევროს გადახდა დააკისრა. მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი აკაკი ოჩიგავა, რომელიც 2011 წლიდან 2014 წლამდე სასჯელს იხდიდა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე.
„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ოჩიგავას მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, [სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს] მიაჩნია, რომ არსებობს ამ საქმეზე ობიექტური, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმართვის პოტენციალი“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა ნაწილით. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ადამიანის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო.
„მაჩალიკაშვილის საქმე“
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენი 2023 წლის 19 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში, არსებით ნაწილში კი სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. ოჯახის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა.
როგორც ორგანიზაცია განმარტავდა, სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან გამოძიება ხარვეზიანი იყო და შესაბამისად, საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ „სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“.
„ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი“, – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „მაჩალიკაშვილის საქმეზე“ გამოძიების განახლების საკითხზე საუბრისას.