სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია. კომპანიები სათანადო კადრებს ვერ პოულობენ, რის გამოც ერთი და იგივე ვაკანსიის რამდენჯერმე გამოცხადება უწევთ. PMCG-ის უმცროსი მკვლევარი გუგა ცუხიშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ვაკანსიების რაოდენობის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ უკავშირდება, არამედ ერთი და იგივე კომპანიების მიერ განმეორებით ვაკანსიის გამოცხადებით იხსნება.
,,სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია. კომპანიები ვერ პოულობენ საჭირო კადრებს და ხშირად აცხადებენ ვაკანსიებს. ბიზნესი ხშირად შესაბამის კადრს ვერ პოულობს და ამის გამო უწევთ ვაკანსიის თავიდან გამოცხადება. ჩვენი ვარაუდით, ხშირია თავიდან გამოცხადებული იგივე ვაკანსიები ანუ საერთოდ ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ საჭირო კადრებს ვერ პოულობენ მარტივად ძებნას აგრძელებენ.’’- აცხადებს გუგა ცუხიშვილი.
PMCG გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობრივ კვლევას ყოველთვიურად ატარებს. ოქტომბერში ჩატარებულმა კვლევა აჩვენა, რომ ამ თვეში კომპანიების ყველაზე ხშირად კადრებს ლოგისტიკის მიმართულებით ეძებდნენ. PMCG-ის უმცროსი მკვლევარი ,,კომერსანტთან’’ განმარტავს, რომ ამ სექტორს სეზონურობა ახასიათებს. არის პერიოდები, როდესაც კომპანიები კადრებით ივსება და ვაკანსიებიც მცირდება და არის პერიოდები, როდესაც პირიქით ხდება.
,,ოქტომბერში ლოგისტიკა დაწინაურდა. ყველაზე მეტად სწორედ ამ სექტორში იყო გაზრდილი ვაკანსიები. სხვა სექტორებში კი კლება დაფიქსირდა. ზოგადად გაზრდა-შემცირებას ახასიათებს სეზონურობა. მაგალითად, სექტემბერი მიიჩნევა სამუშაო წლის ახალ დასაწყისად. ზაფხულის დასვენების შემდეგ ამ პერიოდში ახლდება მუშაობის სეზონი. შესაბამისად, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა იმატებს. ოქტომბერში კი შედარებით ნაკლებია. თუმცა დიდი ჭრილში თუ შევხედავთ ოქტომბერში ვაკანსიების რაოდენობა გაზრდილია. ხშირად ლოგისტიკის სექტორსაც ახასიათებს კადრების ძებნის ზრდა. შემდეგ ხდება ბაზრის გაჯერება და იკლებს. მაგალითად წინა თვეებში ამ სექტორში ძალიან დაბალი იყო ვაკანსიების რაოდენობა. აქაც არის სეზონურობა. რაღაც პერიოდში აქტიურდება სექტორი და რაღაც პერიოდში ახალი სამუშაო ადგილები არ არის.’’- აცხადებს გუგა ცუხიშვილი.
PMCG-ის კვლევის მიხედვით ოქტომბერში კადრებზე ყველაზე მეტი მოთხოვნა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მიმართულებით იყო. გამოცხადებული ვაკანსიების ზრდა ასევე დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში.




