ბრიტანელი ადმირალი, თავდაცვის ძალების მეთაური ტონი რადაკინი ამბობს, რომ ოქტომბერში რუსეთს, ორწელიწადნახევრიანი სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰქონდა. მისი თქმით, გასულ თვეში, დღეში, საშუალოდ, 1 500 რუსი ჯარისკაცი კვდებოდა ან იჭრებოდა.
“რუსეთს, დაახლოებით, 700 000 მსხვერპლი ჰყავს – მოკლული თუ დაჭრილი – უდიდესი ტკივილი და ტანჯვა, რისი განცდაც რუს ერს უწევს [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის ამბიციების გამო”, – უთხრა რადაკინმა ტელეკომპანია BBC-ის, 10 ნოემბერს.
მოსკოვი მსხვერპლის შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროვებს.
რადაკინი ამბობს, რომ რუსეთის საჯარო დანახარჯების 40% სწორედ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მოდის, რაც ქვეყნისთვის რთულ მდგომარეობას ქმნის. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალევმა უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში ქალაქი ვოლტჩენკა დაიკავა.
რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინა მოსკოვს უტევს და ათასობით დრონის გამოყენების გამო, დედაქალაქი იძულებული გახდა სამი აეროპორტი დროებით დაეხურა.
რუსეთის ფედერალური საჰაერო სატრანსპორტო სააგენტო – “როსავიაცია” ამბობს, რომ “შერემეტევოს”, “დომოდედოვოსა” და “ჟუკოვოს” აეროპორტების ფუნქციონირება, დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო, რამდენიმე საათით შეზღუდული იყო.
პარალელურად, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, კვირას, ღამის განმავლობაში 145 დრონი გაუშვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 10 ნოემბრის მიმართვაში თქვა, რომ ეს კონფლიქტის განმავლობაში, ერთ ღამეში გამოყენებული დრონების ყველაზე დიდი რაოდენობა იყო.
“გასულ ღამით, რუსეთმა რეკორდულად ბევრი, 145 “შაჰედის” და სხვა საიერიშო დრონები გამოიყენა, უკრაინის წინააღმდეგ”, – თქვა კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის დახმარების გაძლიერებისკენ.