მისი თქმით, ხარისხი არა ბრძანებით ან კანონით, არამედ მაშინ იქმნება, როდესაც არსებობს ნდობა უნივერსიტეტების მიმართ, ხარისხის შეფასების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემები და ძლიერი აკადემიური კულტურა.
News.ge მაია ჩანქსელიანის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი კომენტარი „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაზე“
საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია რიგ რეალურ და გადაუდებელ გამოწვევას აღიარებს. ხარისხის უთანაბრობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა, სწავლასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი და რეგიონული დისბალანსი მართლაც წარმოადგენს სისტემურ პრობლემებს. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა პასუხად ისეთი ტიპის „რეფორმებს” გვთავაზობს, რომლებიც უმეტესწილად ცენტრალიზაციასთან, პოლიტიკურ კონტროლთან და უკვე ერთხელ უარყოფილ მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს. ამ ცვლილებების განხორციელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რაც საქართველოს უმაღლესმა განათლებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიაღწია.
საჯარო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა შემაშფოთებელია. ეს გლობალური აკადემიური სივრციდან ჩამოშორების სიგნალია იმ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი, და არა ნაკლები, საერთაშორისო კავშირები. უცხოელი სტუდენტები სასწავლო გარემოს ამდიდრებენ, აკადემიურ სტანდარტებს ამაღლებენ, კულტურათაშორისი გაგების უნარს აძლიერებენ და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობენ. გლობალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღია და ინტერნაციონალიზებული უნივერსიტეტები გაცილებით ძლიერნი არიან ინტელექტუალურად, კულტურულად და ფინანსურადაც.
განსაკუთრებით პრობლემურია ინიციატივა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის დანერგვის შესახებ. აკადემიური პროფილების მექანიკური გადანაწილება უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ ავტონომიას არღვევს, ინოვაციურ პოტენციალს აფერხებს და დისციპლინარული მრავალფეროვნების მნიშვნელობას უგულებელყოფს. წარმატებული განათლების სისტემები არსად ასეთი მოდელით არ მუშაობს.
მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ცენტრალურად განისაზღვროს თითოეული სპეციალობის ძირითადი და არჩევითი საგნები. აკადემიური ხარისხის გაუმჯობესების ეს მიდგომა თავისთავად მცდარია. საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი დამოუკიდებელ, ავტონომიურ აკადემიურ საზოგადოებაში უნდა იქმნებოდეს და არა სახელმწიფო უწყებებში. ამავე ლოგიკით, სახელმძღვანელოების ცენტრალური დაგეგმვით და შემუშავებით განათლების სისტემას საბჭოთა ეპოქის ჩარჩოებში დაბრუნდება.
არანაკლებ შემაშფოთებელია სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრა შრომის ბაზრის პროგნოზირების საფუძველზე. ეს მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ კაპიტალისტური სისტემის პირობებში სახელმწიფო ოდესმე შეძლებს ზუსტად განსაზღვროს შრომის ბაზრის მოთხოვნა. ეს არსად ამართლებს და გვაბრუნებს საბჭოთა კავშირის გეგმიური ეკონომიკის პრინციპებთან, სადაც ერთადერთი დამსაქმებელი იყო სახელმწიფო და არ არსებობდა კერძო სექტორი. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, განსაზღვრონ რას ისწავლიან და რას ასწავლიან.
შრომის ბაზარი არ არის მექანიკური სისტემა, რომლის რეგულირებაც კვოტებით შეიძლება. შრომის ბაზრის მოთხოვნა ინოვაციების, ინდივიდუალური მისწრაფებების, დემოგრაფიული ცვლილებების, გლობალური და ლოკალური ეკონომიკური დინამიკისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების ფონზე ყალიბდება.
დიპლომების ხარისხობრივი გათანაბრების სრული პასუხისმგებლობის სახელმწიფოსთვის გადაცემა ფუნდამენტურად მცდარია. ამ პასუხისმგებლობის მატარებელი თავად უნივერსიტეტი უნდა იყოს—შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებით და ისეთი აკადემიური სტანდარტებით, რომლებიც ასახავს კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიზნებსა და პროფილს. ხარისხი ვერ იქმნება ბრძანებით ან კანონით. ხარისხი იქმნება მაშინ, როდესაც არსებობს ნდობა უნივერსიტეტების მიმართ, ხარისხის შეფასების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემები და ძლიერი აკადემიური კულტურა.
გარდა ამისა, კონცეფციაში შემოთავაზებული საკადრო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტებს, იქნება არაეფექტური და მოუქნელი. არსებობს უამრავი მოდელი, სადაც წარმატებით ხდება აკადემიური საქმიანობის განხორციელება ნაწილობრივი, შერეული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული კონტრაქტებით. საკადრო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტებმა თავად უნდა მიიღონ საკუთარი საგანმანათლებლო, კვლევითი და ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, და არა ცენტრალური წესდებით.
როგორც ქართველი მეცნიერი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი აქვს ნამუშევარი უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში — მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე — ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ნათლად მინახავს, რა ზიანს აყენებს სისტემას რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს.
საქართველოს სჭირდება უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც არის ღია, ავტონომიური და გლობალურად დაკავშირებული და არა ისეთი, რომელიც აფერხებს სისტემის განვითარებას და წარსულის შეცდომებს იმეორებს. საქართველოს სტუდენტები და მეცნიერები ისეთ უმაღლესი განათლების სისტემას იმსახურებენ, რომელიც ფიქრისა და ინოვაციის თავისუფლებას უზრუნველყოფს“, – წერს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მაია ჩანქსელიანი.