“ოქროს ბუცის” მფლობელ მიქაუტაძის მადლობა – “მონაკო” გაიწელა და იქნებ “რომა” კვლავ აქტიურობს…

ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა და “ოქროს ბუცის” მფლობელმა გიორგი მიქაუტაძემ “ინსტაგრამის” მეშვეობით განცხადება გაავრცელა:
“ვამაყობ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირებთან ერთად დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, ამ საოცარ გუნდს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა.”
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ევროპირველობაზე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც ჰქონდა. უეფამ დამატებით პარამეტრებს ყურადღება აღარ მიაქცია და ჯილდო ყველას გადაუნაწილა, ვის ანგარიშზეც 3 შედეგიანი დარტყმა იყო.
რაც შეეხება მიქაუტაძის საკლუბო მომავალს, ვიცით, რომ ის “მეცს” დატოვებს, ყველაზე მეტად კი “მონაკოს” უკავშირებენ. ეს სატრანსფერო ამბავი
გაიწელა და გამორიცხული არაა, იტალიური “რომა” კვლავ აქტიურობდეს.