ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა 194 ქვეყანას შორის.
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი აქტივიდან ქვეყნის რეზერვების უმეტესი წილი უცხოურ ვალუტასა და ოქროზე მოდის.
ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტისა და ოქროს გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის (ანუ ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის) ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.
ქვეყნების მიხედვით ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი 4,712 მლნ დოლარის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს ფლობს. ამ მაჩვენებლით საქართველო 194 ქვეყანას შორის 102-ე ადგილს იკავებს.
ყველაზე მეტი საერთაშორისო რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.3 ტრილიონი დოლარი. აქედან, 3.1 ტრილიონი უცხოური ვალუტაა. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2023 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 823 მლრდ დოლარით გადააჭარბა.
მეორე ადგილზე იაპონიაა 1.2 ტრილიონი დოლარით, მესამეზე შვეიცარიაა 802 ტრილიონი დოლარით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეზერვი რუსეთს აქვს – 625 მლრდ დოლარის, თუმცა უმეტესი ნაწილი „გაყინულია“ და დღეს რა მოცულობის რეზერვებს განაგებს, უცნობია. შემდეგ მოდის თურქეთი 128 მლრდ დოლარით, აზერბაიჯანი 11.7 მლრდ დოლარით და სომხეთი 4.3 მლრდ დოლარით.
ყველაზე ცოტა საერთაშორისო რეზერვი კირიბატს აქვს – 8 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის სომალი 37 მლნ დოლარით. ბოლოდან მე-3 ადგილზე ბურკინა-ფასოა 42 მლნ დოლარით.
წყარო: Forbes