cope.es-ის ცნობით, “ლევანტეს” 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას “სპორტინგში” გააგრძელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ მხარეებმა სატრანსფერო თანხაზე, 7.5 მილიონ ევროზე (5.5 მილიონი პლუს 2 მილიონი ბონუსის სახით) შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველმა ლისაბონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი იქნება.
ქოჩორაშილი სეზონს “ლევანტეში” იჯარის წესით დაასრულებს, “სპორტინგს” კი ზაფხულში შეუერთდება. ეს ინფორმაცია ვალენსიურმა კლუბმა დაადასტურა. პორტუგალიური abola ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიორგის შემდგომი ტრანსფერიდან “ლევანტე” თანხის 12.5%-ს მიიღებს.
“სპორტინგი” 27 ტურის შემდეგ პრიმეირა ლიგას 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ
“ბენფიკას” 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ქოჩორაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში “სპორტინგი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში “დორტმუნდთან” დამარცხდა.
