ოსიმენი უკან იტალიაში? – პრემიერ ლიგის გუნდს გეგმები შეეცვალა

ESPN წერს, რომ “ნაპოლის” საკუთრებაში მყოფი და “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს.
26 წლის ნიგერიელის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, “პარტენოპეი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მოითხოვს.
ოსიმენის სახელს ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ, თუმცა თუ იმავე ESPN-ს დავუჯერებთ, “წითელმა ეშმაკებმა” სატრანსფერო პრიორიტეტი შეცვალეს და ახლა ფორვარდის პოზიციაზე ფავორიტი “იფსვიჩის” თავდამსხმელი ლიამ დელაპია.
ამის მიზეზი ისაა, რომ აფრიკელს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და დელაპის დაყოლიება გაცილებით ნაკლებ თანხაზეა შესაძლებელი.