ოსიმენი “გალათასარაის” ფანთა კერპი გახდა და იტალიური კლუბი ეპატიჟება

“ნაპოლიდან” იჯარით გადასულმა ვიქტორ ოსიმენმა ორჯერ ითამაშა “გალათასარაიში” “რიზესპორთან” (5:0) საგოლე გადაცემა გააკეთა, ჟოზე მოურინიოს “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1) კი დრის მერტენსმა მისი პასით გაიტანა გოლი.
“გალათასარაი” 6 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ “ფენერბაჰჩეს” 5 ქულით უსწრებს და გულშემატკივრები ნიგერიელს ძალიან ემადლიერებიან.
თავად ვიქტორიც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, ფანებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერის გარეშე მოგება შეუძლებელი იქნებოდა. საქომაგოდ ყველგან თან დაგვყვებით და წინაღობების გადასალახავად ძალებს გვმატებთ. ჩვენი გუნდის აქტიური ნაწილი ხართ”.
Area Napoli-ს ცნობით, ოსიმენით “იუვენტუსი” დაინტერესდა და გადაბირებას შეეცდება, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მისი გამოსყიდვის უფლება არცერთ იტალიურ კლუბს არ აქვს, “იუვეს” შესაძენად საჭირო თანხა არ გააჩნია დ თანც, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონკურენტ კლუბს გაძლიერების საშუალებას არ მისცემს.