ოსიმენის პრობლემა და “ჟირონასთან” მატჩი – სად შეიძლება თამაშის ყურება?

SKY-ს მტკიცებით, დღეს „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩში შეიძლება მონაწილეობა „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მიიღოს.
ოსიმენმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სავარაუდოდ, მწვრთნელი ანტონიო კონტე შეცვლაზე შეუშვებს. მას ჯერ წინასასეზონო არცერთ სპარინგში არ უთამაშია. გამოცემის ცნობით, პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ეცოტავება.
რადიო „სპორტი“ ირწმუნება, რომ ოსიმენის შეძენის სურვილი „არსენალმა“ გამოთქვა და „ნაპოლის“ ტრანსფერში პსჟ-ზე მეტ თანხას სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი პარიზელებს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვით ის იმაზე მეტს
გამოიმუშავებს, ვიდრე ლონდონურ გუნდში გადასვლის შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.
Calciomercato იტყობინება, რომ კონტე „ჟირონასთან“ იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც „ბრესტთან“ თამაში დაიწყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
დაპირისპირება საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ყურება smart tv-ზე იქნება შესაძლებელი – ფასი 6.99 ევრო.