აფრიკის თასის ნახევრფინალში ნიგერიამ სამხრეთ აფრიკა პენალტების სერიაში დაამარცხა.
დებიუტში ნიგერიამ შეუტია, თუმცა ვერ იხეირა, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკა გააქტიურდა და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თავისი გუნდი პენალტით ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა. მერე თავად ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს (ტურნირზე მეორედ), ცოტა ხანში კი თერთმეტმეტრიანი უკვე ნიგერიელთა კარში დაინიშნა, მოკოენამ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
110-ე წუთზე ვიქტორი შეცვალეს, მეორე ექსტრა-ტაიმში მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბოლო იმედის ჯარიმის გამო სამხრეთაფრიკელთა მცველი კეკანა
გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ნიგერიამ იმარჯვა და მერვედ გავიდა ფინალში.
11 თებერვალს ფინალში ნიგერია კოტ-დ’იუვარისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიგერია – სამხრეთ აფრიკა 1:1 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (67, პენ), 1:1 მოკოენა (90, პენ)
გაძევება: კეკანა (116)