ორ წელიწადში სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი დაუბრუნდა – მიზეზი

ორ წელიწადში სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი დაუბრუნდა – მიზეზი
ორ წელიწადში სახელმწიფოს წყალტუბოში გასხვისებული 3 ყოფილი სანატორიუმი დაუბრუნდა, მათ შორის, „მედეა“, რომელიც თავის დროზე 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა „მეშახტე“ და „ცისკარიც“. დაბრუნების მიზეზი საპრივატიზაციო ვალდებულებების არშესრულება იყო.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი 2022 წელს წარუდგინა, ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა.
პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოვიდა შემდეგი სანატორიუმები: „უშიშროება“, „სავანე“, „მედეა“, „თბილისი“, „სამგურალი“, „გელათი“, „გეოლოგი, „რკინიგზელი“, „წყალტუბო“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „ფილიალი“, სასტუმრო „წყალტუბო“ და „აია.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 2022 წლიდან დღემდე 5 სანატორიუმი გასხვისდა, თუმცა, მათგან ერთი სახელმწიფოს დაუბრუნდა. კერძოდ, 2022 წლიდან დღემდე გასხვისდა სანატორიუმები „მედეა“, „უშიშროება“, „სამგურალი“, „თბილისი“ და „წყალტუბო“.
„ბიზნესპრესნიუსს“ ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის პრივატიზებულია შემდეგი სანატორიუმები: „თბილისი“, „წყალტუბო“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. ირკვევა, რომ „მედეა“ კომპანიამ სახელმწიფოს დაუბრუნა. როგორც ქონების ერონულ სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამის მიზეზი იყო ის, რომ მყიდველმა კომპანიამ საპრივატიზაციო თანხის ვადებში გადახდა ვერ უზრუნველყო.
კერძოდ, ყოფილი სანატორიმი „მედეა“ 2022 წლის აგვისტოში შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ 5.830 მლნ იყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მედეა“ 2024 წლის იანვრიდან კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თავად შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია“ საქართველოში 2021 წელს დარეგისტრირდა, მისი მესაკუთრე ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.
პროექტის ფარგლების მიღმა, წყალტუბოში წინა წლებში გასხვისებული იყო არაერთი სანატორიუმი, მათ შორის, „მეშახტე“ და „ცისკარი“. ბოლო მონაცემებით, ორივე დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია.
სახელმწიფოს 2023 წელს დაუბრუნდა ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“. აღნიშნული ქონება 2015 წელს კომპანია „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2.5 მილიონ ლარად იყიდა. კომპანია 2015 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტში, კომპანია ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ „ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგს ლიმითედს“.
2016 წელს აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა სანატორიუმი „ცისკარი“, რომელიც 160 000 ლარად იყიდა შპს „არგომ“. მას შემდეგ მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლო მონაცემებით, ქონება მიყიდული იყო შპს „ცისკარი როიალ პალასზე“, თუმცა 2025 წლის მარტის მდგომაროებით ქონების მესაკუთრედ სახელმწიფო ფიქსირდება. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ საპრივატიზაციო ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს. ცნობისთვის, კომპანია რეესტრში 2018 წელს დარეგისტრირდა, ის შპს „პარკ ჰოტელის“ საკუთრებაშია.
გარდა ამისა, „ბიზნესპრესნიუსმა“ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა კითხვით, რამდენად ასრულებენ კომპანიები ამჟამად გასხვისებულ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო ვალდებულებებს.
„დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების ვადები არის მიმდინარე და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პერიოდულად ახორციელებს სახელშეკრულებო მონიტორინგს“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა დარჩენილი ყოფილი სანატორიუმების ქონებების გასხვისება, სააგენტოში გვპასუხობენ: „სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“.
ინფორმაციისთვის, 2024 წლიდან დღემდე ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები „სავანე“, „იმერეთი“ და „რკინიგზელი“, თუმცა ვერც ერთი გაიყიდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი