პროკურატურის ცნობით, მეუღლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ (ქ.ვ.-მ) მეუღლეს (ლ.წ.-ს) ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა.
“ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა”, – წერია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.