ორ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა დონეცკის ოლქში ჩადენილი მასობრივი მკვლელობებისთვის

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ ს არმიის სამხედრო მოსამსახურეებს სტანისლავ რაუს და ანტონ სოპოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2023 წლის ოქტომბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, განაჩენის მიხედვით, მსჯავრდადებულმა სამხედროებმა ერთი და იმავე ოჯახის ცხრა წევრი დახოცეს. მათ შორის 9 და 5 წლის და-ძმა.
დანაშაულის მოტივები უცნობია. საქმის მასალები- კლასიფიცირებული. სასამართლოზე მტკიცებულებათა განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ორივე ბრალდებული რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია დაბადებული. ისინი მსახურობდნენ საზღვაო-ქვეით ჯარებში, ხოლო ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებდნენ კონტრაქტს, კერძო-სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ირიცხებოდნენ. მედიის თანახმად, 28 წლის რაუსა და 21 წლის სოპოვს, ვოლნოვახაში ჩადენილ ხოცვა-ჟლეტამდე რამდენიმე თვით ადრე, სახელმწიფო ჯილდოები ჰქონიათ მიღებული.
განაჩენის თანახმად, 2023 წლის 28 ოქტომბრის ღამეს, მაყუჩიანი ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცები შევიდნენ კაპკანეტების ოჯახის კერძო სახლში და დახვრიტეს ყველა, ვინც იქ იყო.
გაზეთ “კომერსანტის” ინფორმაციით, განსასჯელებმა ბრალი არ აღიარეს.
ვოლნოვახა რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე დონეცკის რეგიონში მდებარეობს .
ფორუმი