ორ მილიონამდე მსესხებელი და 44 მილიარდ ლარზე მეტი გაცემული კრედიტი – საქართველოს რამდენი მოქალაქეა „შავ სიაში“

„კრედიტინფო საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორში 194 745 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. შესაბამისად, ამ სეგმენტში ჯამურად პრობლემური სესხი მსესხებლების 10.1%-ს აქვს.
ბოლო ერთ წელში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებსაც 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება დაახლოებით 32 000-ითაა შემცირებული. თუმცა საინტერესოა, რომ რამდენიმე თვეა, სტატისტიკურ ინფორმაციაში „კრედიტინფომ“ ახალი მონაცემიც დაამატა, რომელიც იმ ფიზიკური პირების სესხებს მოიცავს, რომლებსაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მონაცემი სამი წლის ვადით არ შემოიფარგლება და ყველა მიმდინარე ვადაგადაცილებულ კონტრაქტს მოიცავს. როგორც „კრედიტინფოში“ აღნიშნავენ, ამ სეგმენტში მოხვედრილი პირების დიდი წილი არასაბანკო საფინანსო სექტორზე, ე.წ. ვალის ამომღებ კომპანიებზე მოდის, რომლებსაც როგორც წესი, ხანგრძლივი და უიმედო სესხების პორტფელი გადაეცემათ ხოლმე.
საერთო ჯამში, 2024 წლის თებერვლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 920 017 ადამიანს აქვს, ჯამში 44 097 247 574 ლარის მოცულობის.
მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, წინა თვის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 151 246 71 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 357 მსესხებელს აქვს აღებული. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება ბანკის 99 505 მომხმარებელს უფიქსირდება.
გარდა ამისა, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 756 029 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 361 850 227 ლარს შეადგენს. ხოლო 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 113 395 მსესხებელს უფიქსირდება.
19 998 ადამიანს კი ჯამში 584 150 633 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, საიდანაც ვადაგადაცილება 4 753 ადამიანს უფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ