“ორჯერ დარეკეს, რომ სამება დანაღმული იყო” – სუსი ამტკიცებს, რომ პირს საღამოს მიაკვლია

57
6 წლამდე პატიმრობა ემუქრება არასრულწლოვანს, რომელმაც სუს-ის მტკიცებით დაცვის პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ “დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია”. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა.
სუს-ის განცხადებით, ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება.
გამოძიების ცნობით, ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.
სუსის ინფორმაციით, მათ ზარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ საღამოს შეძლეს არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. – წერს უწყება.
არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსი წერს, რომ გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის.
“ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება” – წერს უწყება. თუ მართლაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებები აქვს სუსს, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება, ანუ, რეაგირება იმ დრომდე, რა დროც დაასახელა პირმა, რომელმაც დარეკა და რა დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე არ განახორციელა სუსმა ევაკუაცია, როგორ დარწმუნდა, რომ ზარი ცრუ იყო, თუ საღამომდე არ იყო პირი იდენტიფიცირებული, ამაზე ინფორმაციას უწყება არ ავრცელებს.