„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ( SJC) თბილისის მერიას მოუწოდებს, ორხევის სოციალური საცხოვრისის ბინადრები უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელში გადაიყვანოს.
გარდა ამისა, ორგანიზაციის მოთხოვნაა, მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში სათანადოდ ასახოს ოჯახების გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოთხოვნის საფუძველი გახდა ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობის საინჟინრო-საპროექტო კვლევა, რომლის მიხედვითაც, საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების გარეშე დაუშვებელია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ სამგორის გამგეობას მისცა დავალება, რომ საცხოვრისის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები განეხორციელებინა. ამ დავალების საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი პრობლემა:
· შენობა ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგობის შესახებ რეგლამენტის მოთხოვნებს.
· არადამაკმაყოფილებელია შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა.
· დაბალი ხარისხითაა შესრულებული შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, გამოყენებულია აკრძალული მასალა კედლებსა და ტიხრებში.
· იქმნება მყისიერი ჩამოშლის საშიშროება შესაბამისი ღონისძიებების მიუღებლობის შემთხვევაში, რამდენადაც დაწყებულია დაჟანგვის პროცესი სვეტებიდან მომავალ ლითონის კუთხოვანებზე.
· სინესტით დაზიანებულია პირველი სართულის კედლები და ტიხრები.
· სარდაფი ამოვსებულია გრუნტითა და ნაგვით, იატაკქვეშ კი არ არსებობს გასანიავებელი სივრცე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, შენობის ფუნქციონირება მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაძლიერების გარეშე დაუშვებელია, ხოლო შენობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ჩასატარებელი სამუშაოს დროს ევაკუირებული უნდა იქნას მოსახლეობა.
ექსპერტიზის განმახორციელებელი კომპანია ასევე უთითებს, რომ სამუშაოების ჩატარება, მისი მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, რადგან აღდგენითი სამუშაოების ღირებულება მკვეთრად გადააჭარბებს შენობის საერთო ღირებულების 50%-ს.
ორხევის სოციალური საცხოვრისი ამჟამინდელ ფუნქციას 2017 წლიდან ასრულებს. მერიის ინფორმაციით, 2022 წელს აქ 260 ადამიანი ცხოვრობდა.
ერთი ოჯახისთვის აქ 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი და გაერთიანებულია სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და ბავშვების სამეცადინო სივრცე. თითო ასეთ ოთახში 2-დან 7 ადამიანამდე ცხოვრობს.
ორხევის სოციალურ საცხოვრისში არასათანადო პირობებზე არაერთია წელია საუბრობს სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი.
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა ორხევის საცხოვრისი ამ წლის ივნისში მოინახულა. მისი შეფასებით, საცხოვრისი ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
“თვალხილულია შენობის ავარიულობაც. აქ მცხოვრები ადამიანები ექსპერტის დასკვნას ელოდებიან. საცხოვრისი გადატვირთულია, არ არის მისაწვდომი შშმ პირებისა და ბავშვებისთვის, სივრცეების გასატიხრი მასალები ვერ აკავებს ხმაურს. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭიროა, რათა ამ ადამიანებმა ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში და მოწესრიგებულ გარემოში იცხოვრონ“, — თქვა მაშინ იოსელიანმა.
“მიუხედავად იმისა, რომ ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები წლების განმავლობაში მიუთითებენ იმ არასათანადო პირობებზე, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ, თბილისის მუნიციპალიტეტს საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია მათი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის კონკრეტული გეგმის შესახებ, რაც მაცხოვრებლებში გაურკვევლობას იწვევს და მათ ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, ორხევის სოციალურ საცხოვრისში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით:
· უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მაცხოვრებელთა გადაყვანა უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელში;
· მომდევნო წლის ბიუჯეტში სათანადოდ ასახოს ოჯახების გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები”, — ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის ავარიულობის ხარისხი მათთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში გაცხადდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია პრობლემის მოსაგვარებლად. მანამდე კი, ორხევის სოციალური საცხოვრისის ბინადარ ოჯახებს ქირით გაიყვანენ.