ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს
ორმაგი და სამმაგი სტანდარტები მუდმივად იყო. ბოლოს, მოვისმინეთ ევროპული სტრუქტურებიდან კაია კალასის კიდევ ერთი სულისკვეთება, სადაც ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი, – ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, კერძოდ, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთო/ოდირის დასკვნას.
მათიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, სადაც წერია, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტებით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ევროკავშირი ხელისუფლებას არ ცნობდა, თუმცა, ახლა, ხელისუფლების აღიარებასთან ერთად, ისინი ითხოვენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნებს დაელოდონ კანონებთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლება არ ხართ თქვენ, ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, სადაც წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, პარტიებს ჰქონდათ საკუთარი წინასაარჩევნო აგიტაციის საშუალება, ცესკო-მ მაღალი სტანდარტით ჩაატარა არჩევნები – იმ დროს ეს ყველაფერი, მათთვის არაფერი იყო, ეს არაფერს ნიშნავსო და ახლა, კანონპროექტების ეტაპზე, სანამ კანონებად მივიღებთ, დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო. აქ ეუთო/ოდირს უნდა დაველოდოთ, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს. თუმცა, ამავდროულად, იქვე აქვთ აღიარებაც: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მივუთითებთ და ა.შ.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის ეთერში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/LADO-BOJADZE-Dtl76b-300x215.jpeg)