„ორმაგი სტანდარტია ყველგან“ – ამბობს ბოჭორიშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე მის არყოფნაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „ორმაგი სტანდარტებით“ ხსნის მიზეზს, რის გამოც ვერ მოხვდა ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე. ამ საკითხზე კითხვა მას ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„ორმაგი სტანდარტია ყველგან. ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს. ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა… ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს. ეშველება ყველაფერს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში რომ აღშფოთდებიან… საზოგადოების არჩევანია ეს ხელისუფლება და ეცით პატივი! ყველამ – თქვენც და მათაც“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
მიმდინარე წლის 7 და 8 მაისს ვარშავაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უძღვებოდა. შეხვედრაზე ვერ მოხვდა მაკა ბოჭორიშვილი.