სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები და მათი მომხრეები აქციას მართავენ. ორკ-ქოცები სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისათვის საღებავის შესხმის ფაქტს აპროტესტებენ და სახელმწიფოსაგან მსგავსი შემთვევებისათვის კანონის გამკაცრებას მოითხოვენ.
“მოთხოვნა არის ორი. პირველია, რომ სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რის საფუძველზეც ამისთანა ფაქტები ჯარიმით კი არ დაისჯება, არამედ იქნება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლები, რითაც ესენი ჩაჯდებიან ციხეში. მეორე მოთხოვნა არის ნატა ფერაძის სხვა მუხლით, იმ რეალური მუხლით გასამართლება, რასაც ის იმსახურებს […] ნატა ფერაძისთვის წარდგენილი 166-ე მუხლი არ არის ადეკვატური. ის სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს, ეს მუხლები აუცილებლად ითვალისიწნებს პატიმრობას”. – ამბობს პუტინისტური დაჯგუფების ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აქციამ შესაძლოა დესტრუქციული ხასიათი მიიღოს, ამიტომაც საპატრიაქრო სასულიერო პირებს მოუწოდებს, მსგავს ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ.
“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.
სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა”. – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია 10 იანვარსაც გაიმართა. ორკ-ქოცები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აქტივისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი აქვს შესხმული.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.