ორი წელია სკოლა შენდება, თუმცა, კედლები ჯერ არ ამოუყვანიათ – პროექტის ჯამური ღირებულება 3.7 მლნ ლარია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში ახალი სკოლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე კედლებიც კი არ ამოუყვანიათ. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები უკვე სამი თვეა შეჩერებულია.
„არმატურა უკვე დაჟანგებულია. ნუთუ ეს ნორმალურია? ამბობენ, რომ პროექტირება არასწორად არის გაკეთებულიო, ჩვენ კი ზუსტად არაფერი ვიცით,“ – განუცხადეს ადგილობრივ მედიას სოფელში.
„სკოლა 120 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა პროექტში სპორტული დარბაზი საერთოდ არ არის. როცა ვიკითხეთ, გვითხრეს, სპორტული დარბაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ მოსწავლეთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს,“ – ამბობენ ადგილობრივები.
„საძირკველი ამოიღეს, მაგრამ ისევ მიწით ამოავსეს. ქვემოთ სარდაფში მაინც შეიძლებოდა დარბაზი გაეთვალისწინებინათ,“ – აცხადებენ ნიგოზაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის თანახმად, ხელშეკრულება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და კომპანია „ჯავას“ შორის 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 3.7 მლნ ლარია.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნიგოზაში ჯერჯერობით შესრულებულია მხოლოდ 415 000 ლარის სამუშაო.
კომპანიას კასპსა და მცხეთაში სულ 5 სკოლის მშენებლობა აქვს ნაკისრი. მას ჩარიცხული აქვს 7 მლნ ლარი და ხელშეკრულების მიხედვით, ხუთივე სკოლა 2026 წლის 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
წყარო: qartli.ge