ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, ორი წელია სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს უყურებს, თუმცა ამ ხატზე სტალინის ფრაგმენტი ვერ შეამჩნია. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
მიტროპოლიტის თქმით, ის, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, გამოგონილი ისტორია და როგორც ჩანს, ვიღაცას მატრონა მოსკოველის ხატის წერისას ეს ფრაგმენტი „გაეპარა“.
„მაგალითად, მე ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] ვერ შევამჩნიე საერთოდ. იცით რატომ ვერ შევამჩნიე? – იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ამ სცენების მიხედვით ისე ვერ აღიქვამ.
ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა. სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია. ის, რაც ამას მოჰყვა არის ნამდვილი ვანდალიზმი. ეს არ შეიძლება, ეს არ არის საუბრის და ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა [სტალინის გამოსახულება], ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არ არის. შემომწირველებმა განაცხადეს, რომ წაიღებენ. იმხელა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
9 იანვარს, ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.
11 იანვარს, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ, ამის მიზეზი კი, წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.