ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია.
10 წლის იყო, როდესაც დიდუბეში, ნამდვილ საბჭოთა ინდუსტრიულ დასახლებაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სრულიად ანტისაბჭოთა მოქალაქის, კინორეჟისორის ოჯახში გაიზარდა, სადაც მეგობრობას და სიყვარულს პირველი ადგილი ეკავა. გაიზარდა წიგნებს, კინოსა და წარმოსახვით პერსონაჟებს შორის…
აღსანიშნავია, რომ ბაბლუანების ცნობილმა ქართველ კინემატოგრაფთა ოჯახმა ევროპულ კინოინდუსტრიაშიც წარმატებით დაიმკვიდრა თავი. “ოქროს ლომი”, “სან დენსის” კინოფესტივალის ორმაგი ჯილდო, ევროპის საუკეთესო ფილმის ტიტული და კიდევ არაერთი აღიარება კი, ბაბლუანების ევროპული წარმატების მხოლოდ დასაწყისია.
საინტერესოა თავად ოლგას ფილმოგრაფიაც: “13 ცამეტი” (ვენეციის კინოფესტივალის “ოქროს ლომის” გამარჯვებული, სან დენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი); “მემკვიდრეობა” (სან დენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი); keep smiling − ფრანგულ-ქართული კოპროდუქცია, (ვენეციის ფესტივალი); “ბრაკო” − canal+-ის წარმოება, პოპულარული სერიალი საფრანგეთში (emmy awards ჯილდოს მფლობელი ); “კრიმინალების არმია” − ფრანგი რეჟისორის, რობერტ გედიგიანის ფილმი, საფრანგეთი; L’entante cordiale − ვენსან დე ბრუსის კომერციული ფილმი (საფრანგეთი) და რეზო გიგინეიშვილის ფილმი − “სიყვარული აქცენტით”.
ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა. მას ამ ქორწინებიდან ლიკა ბაბლუანი ჰყავს.
შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებაში მას ერთი შვილი, ნასტასია შეეძინა.
“რა დროს ძილია” − ოლგას წარმატებული საავტორო პროექტია. პროგრამა ეთერში 5 წლის განმავლობაში იკავებდა საკმაოდ ღირსეულ ადგილს.
“სიახლისთვის, ვცდილობდით მოგვეძია სრულიად უცნობი, მედიის მიღმა დარჩენილი ადამიანები − “რა დროს ძილია?!” − რა კეთდება ქვეყანაში. მაყურებელი იზიარებდა პროგრესზე ორიენტირებულ ინფორმაციას, რაც უსახავდა მომავლის იმედს. “ბედნიერების წარმოჩენას, გარდა გამბედაობისა, ერთი თავხედური პლუსი აქვს: ის მიმბაძველობისკენ გიბიძგებს”. ეს ნათელი ჭეშმარიტება გადაცემის სლოგანადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.” – ამბობდა ოლგა.
