„ორი სხვადასხვა რეგულაციაა“ – რა შემთხვევაში შეიძლება ავარიული შენობის დემონტაჟი 100%-ის თანხმობის გარეშე

„თუ სახლი მწვავედ ავარიულ მდგომარეობაშია, გამაგრებას არ ექვემდებაარება და სიცოცხლეს/ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მესაკუთრეების თანხმობის გარეშეც შეიძლება მოხდეს მისი დემონტაჟი”, – ამის შესახებ სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 1 პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლება დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, მ განაცხადა, რომ კორპუსის მაცხოვრებლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან. მისი თქმით, საუბარი იყო შენობის ჩანაცვლებაზე, თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება.
ჩვენთან საუბრისას, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ ცენტრალურ კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ ავარიული შენობის გამაგრება შეუძლებელია, ის დემონტაჟს იქ მცხოვრები ადამიანების 100%-ანი თანხმობის გარეშეც ექვემდებარება.
თუმცა, ზაქაშვილი იქვე დასძენს, რომ ცალკე თბილისის საკრებულოს აქვს დადგენილება, რომლის თანახმადაც, 100%-იანი თანხმობაა საჭირო, თუ ახალი კორპუსი იმავე ტერიტორიაზე შენდება და ბინების ჩანაცვლებაც იქვე ხდება.
„თბილისის საკრებულოს დადგენილებით, 100%-იანი თანხმობა იმ შემთხვევაში არ არის საჭირო, თუ სხვაგან ნაწილდება მოსახლეობა. მაგალითად, სახლს ვანგრევთ, მაგრამ სხვა ტერიტორიაზე უნდა მივცეთ ბინები. იმ შემთხვევაში თუ იმავე ტერიტორიაზე ხდება ჩანაცვლება, მაშინ ყველას თანხმობაა საჭირო. ახლა ამ კონკრეტულ „ქეისში” კაციშვილმა არ იცის, სად აპირებდნენ ჩანაცვლებას, იქვე თუ სხვაგან გეგმავდნენ ბინების მიცემას.
ისე კი, ცენტრალური კოდექსი რაც გვაქვს, სამშენებლო საქმიანობების შესახებ (ეს ვრცელდება მთელ საქართველოზე), იქ არის 56-ე მუხლი, რომლის მეშვიდე ნაწილში წერია, რომ ქალაქს, მუნიციპალიტეტს, შეუძლია დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, მაგალითად, ავარიული სახლების ჩანაცვლება. თუ სახლი მწვავედ ავარიულ მდგომარეობაშია, გამაგრებას არ ექვემდებაარება და სიცოცხლეს/ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მესაკუთრეების თანხმობის გარეშეც შეიძლება მოხდეს მისი დემონტაჟი ანუ რადიკალურად სხვა რაღაც წერია ამ კოდექსში.
ამიტომ ვამბობ, ორივე რეგულაცია არსებობს, საქართველოს და თბილისის. ახლა გაიგე რომელს ექვემდებარება ეს კონკრეტული შემთხვევა,”- ამბობს უჩა ზაქაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა- ნაგებობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.