„ორი მინესოტელი დაიღუპა. რა გეგმა გაქვთ, დონალდ ტრამპ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფედერალური აგენტები ჩვენი შტატიდან გაიყვანოთ? ჩვენ გვჯერა შტატში კანონისა და წესრიგის. ჩვენ გვჯერა მშვიდობის. ჩვენ გვჯერა, რომ ტრამპმა ეს 3 000 გამოუცდელი აგენტი მინესოტიდან უნდა გაიყვანოს, ვიდრე კიდევ ერთ ადამიანს მოკლავენ“ – განაცხადა მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა.
მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 37 წლის კაცი მოკლეს, რის გამოც ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა ბიზნესიც. მოქალაქეები ფედერალური აგენტებისგან რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვენ. მასშტაბური აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც აქციის ორგანიზატორებმა მაცხოვრებლებს მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ სამსახურში, სკოლებსა და საყიდლებზე წასვლისგან. იმიგრაციის სამსახურის აგენტებმა შეიარაღებული ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოკლული ალექს პრეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთნად მუშაობდა. უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახურის აგენტმა 37 წლის კაცი თავდაცვის მიზნით მოკლა. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო'ჰარას თქმით, მოკლული აშშ-ის მოქალაქეა, რომელსაც თან ჰქონდა იარაღი, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა შეძენილი. აქციებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც დაწერა: „ეს არის მსროლელის იარაღი, დატენილი (ორი დამატებითი სავსე მჭიდით!) და მზადაა გამოსაყენებლად – რა არის ეს ყველაფერი? სად არის ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მიეცათ მათ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? ნათქვამია, რომ ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაოს შესრულების უფლება, რომ ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა – ეს ადვილი საქმე არ არის!“. მოგვიანებით კი ტრამპმა აჯანყების წაქეზებაში მინესოტის შტატის გუბერნატორი და მინეაპოლისის მერი დაადანაშაულა. მან მოუწოდა მინესოტელებს, რომ მიეცათ ICE-ს თანამშრომლებისთვის მუშაობის საშუალება.
მინეაპოლისში ICE [ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური] -ის თანამშრომლების მიერ ადამიანის მკვლელობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 7 იანვარს ICE-ის აგენტმა ქალი მოკლა, რამაც ქალაქში პროტესტი გამოიწვია.




